English / ქართული / русский /
ნინო მამულაძე
ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგი და რეალობა

ანოტაცია. მარკეტინგის ევოლუციამ განაპირობა სოციალურ-ეთიკური მარკეტინგის კონცეფციის ჩამოყალიბება, რომელიც დღესდღეობით ეკოლოგიური მარკეტინგის _ მწვანე მარკეტინგის სახით ვლინდება, თუმცა თავისი მნიშვნელობით ორივე მსგავსია.

მისი არსებობა განპირობებულია ბუნებრივი რესურსების უკმარისობის, გარემოს გლობალური დაბინძურების, უხარისხო და ჯამრთელობისათვის საზიანო მინარევებით დამზადებული პროდუქტის და შეფუთვის, ისეთი პროდუქტების წარმოებით, რომელიც არ ექვემდებარება ხელმეორედ გადამუშავებას, წარმოების არაეკოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენებით, მავნებლური დამოკიდებულებით ბუნებრივი რესურსების მიმართ და სხვა მრავალი ფაქტორით.

სწორედ ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგი წარმოადგენს პროცესს, რომლის საშუალებითც ხდება საზოგადოების  საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისეთი საქონლის და მომსახურების წარმოებით და რეალიზაციით, რომელიც  მინიმალურ უარყოფით ზემოქმედებას  ახდენს გარემოზე.

საკვანძო სიტყვები: სოციალურ-ეთიკური მარკეტინგი, ეკოლოგიური მარკეტინგი, მწვანე მარკეტინგი, ეკოშეფუთვა, ეკოწარმოება, გარემოზე ზრუნვა.                                                         

შესავალი

სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ცვლილება იწვევს მარკეტინგის ისეთი კონცეფციების განვითრებას, რომლის ძირითდ  მიზანს ადამიანზე ორიენტაცია წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მარკეტინგის ევოლუციამ განაპირობა მისი უახლესი კონცეფციის ჩამოყალიბება - სოციალურ-ეთიკური მარკეტინგი. იგი არის ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ფენომენი, რომელიც გულისხმობს ყველა იმ მიზნობრივი ჯგუფის ცხოვრების დონის ამაღლებას გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც მონაწილეობს საქონლის შექმნის, გავრცელების და მოხმარების პროცესში.

სოციალურ-ეთიკური მარკეტინგის კონცეფცია ამტკიცებს, რომ ფირმის მთავარ ამოცანას წარმოადგენს მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებების, მოთხოვნილებებისა და ინტერესების განსაზღვრა და მათთვის სასურველი კმაყოფილების უზრუნველყოფა კონკურენტებზე უფრო ეფექტური და პროდუქტიული მეთოდებით და ამავდროულად,  მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობის შენარჩუნება და განმტკიცება.

ფირმა, რომელიც გრძნობს, ემსახურება და აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნილებებს, ყოველთვის მოქმედებს გრძელვადიანი სარგებლისათვის არა მარტო მომხმარებლებთან, არამედ საზოგადოებასთან.

სოციალურ-ეთიკური მარკეტიგნის კონცეფციის გამოყენება ბიზნესში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, რაც განპირობებულია ბუნებრივი რესურსების უკმარისობის, მოსახლეობის სწრფი ზრდის, საყოველთაო ინფლაციის, გარემოს გლობალური დაბინძურების, უხარისხო და ჯანმრთელობისათვის საზიანო მინარევებით დამზადებული პროდუქტის და შეფუთვის და სხვა მრავალი პრობლემების გამო.

მხოლოდ მარკეტინგის კონცეფცია ვერ იქნება საკმარისი მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად, ამიტომ საჭიროა უფრო აქტიურად და ეფექტურად გამოვიყენოთ სოციალურ-ეთიკური მარკეტინგის კონცეფცია. დღესდღეობით ეს კონცეფცია სხვადასხვა სახით ვლინდება: ეკოლოგიური მარკეტინგი, მწვანე მარკეტინგი, თუმცა თავისი მნიშვნელობით ორივე მსგავსია. 

* * *

ეკოლგიური პრობლემები XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა მსოფლიოში. უმეტეს შემთხვევაში, მასზე პასუხისმგებელია როგორც საქონლისა და მომსახურების მწარმოებლები, ასევე მიზნობრივი აუდიტორია. ისეთი პროდუქტების წარმოება, რომელიც არ ექვემდებარება ხელმეორედ გადამუშავებას, წარმოების არაეკოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენება, მავნებლური დამოკიდებულება ბუნებრივი რესურსების მიმართ და სხვა მრავალი, იწვევს გარემოს დაბინძურებას[1].

ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგი წარმოადგენს პროცესს, რომლის საშუალებითც ხდება საზოგადოების  საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისეთი საქონლის და მომსახურების წინ წაწევით, რომელიც  მინიმალურ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გარემოზე სასიცოცხლი ციკლის ყველა ეტაპზე. მარკეტინგის ამ სახის გამოყენებისას, საქონლის წარმოება ხდება ბუნებრივი რესურსების რაც შეიძლება ნაკლები გამოყენებით და გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებით.

ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგის სისტემა შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ასპექტს: ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის წარმოება; შეფუთვის ახალი სახის დამზადება; ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების შემუშავება; გარემოს დაბინძურების კონტროლი; პროდუქციის ეკომარკირება; პროდუქციის სტანდარტიზაცია და სერტიფიკაცია.

წარმოების ეკოლოგიზაციის, ეკოლოგიური რისკების შემცირების და ამავდროულად მოსახლეობისათვის ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მიზნით, აუცილებელია: განვავითაროთ ეკოპროდუქტების და მომსახურების ბაზარი; ვიმოქმედოთ ,,3R”-ის გამოყენებით (reducing – ნარჩენების რაოდენობის შემცირება, reusing – მასალების ხელმეორედ გამოყენება, recycling - ნარჩენების გადამუშავება); ISO 9000 და ISO 14000 საერთაშორისო სტანდარტის სერიებზე მორგება; მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნა ინვესტიციების მოზიდვის და ეფექტურად გამოყენების მიზნით, რათა მოხდეს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების წარმოება და სხვა მრავალი ფაქტორი.

მნიშვნელოვანია ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგის გამოყენება თითოეული კომპანიის საქმიანობაში. არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობები, თუ როგორ შეუძლია ფირმას დანერგოს ეკომარკეტინგი  საქმიანობაში. მაგალითად, მთლიანად გადავიდეს ონლაინ მუშაობაზე და ამოიღოს ქაღალდი და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს; ჰქონდეს საკუთარი ნარჩენების გადამამუშავებელი დანადგარი; საქონლის შესაფუთად გამოიყენოს მხოლოდ ეკომასალები; გამოიყენოს ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიის სახეები და ა.შ[2].

მწვანე მარკეტინგი ბოლო წლებია განსაკუთრებით აქტუალურია. ყველა წარმატებული ბრენდი ცდილობს გახდეს ამ პროცესის მონაწილე ეკოლოგიურად სუფთა მასალების და საქონლის წარმოებით და, რაც მთავარია, გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით. განვიხილოთ ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგის სხვადასხვა მაგალითები როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მაგალითზე.

კომპანია ,,Media Market” არის ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის  ფრანგული წარმოშობის ბრენდი. მაღაზიის მშენებლობის დროს იყენებს ყველაზე მოწინავე ელექტროენერგიის, გაგრილების და გათბობის დაზოგვის ტექნოლოგიებს. გარდა ამისა, კომპანია ხშირად აწყობს აქციებს და მოუწოდებს საზოგადოებას, ჩააბაროს ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რათა მოხდეს მისი შემდგომი გადამუშავება ან, ხშირ შემთხვევაში, მოუწოდებს გაცვლისაკენ. შეიმუშავეს პროექტი ,,გადაამუშავე მომგებიანად“, რომლის ფარგლებშიც ისინი საზოგადოებას მოუწოდებდნენ, ჩაებარებინათ ძველი ენერგოდამზოგავი ნათურები და მათ სანაცვლოდ 15%-იანი ფასდაკლებით მიეღოთ ახალი ნათურები.

ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგის ერთ-ერთ თანამედროვე და პროგრესულ მიმართულებას წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებადი შეფუთვის და პარკების წარმოება.

კომპანია Yves Rocher-მა, ჯერ კიდევ 1993 წელს გამოუშვა ეკოშეფუთვა შამპუნისათვის და ეს იყო უბრალო ჟესტი პლანეტის დასაცავად.

 Tetra Pak-ი - ეს არის ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელიც დაკავებულია პროდუქციის შეფუთვის დამზადებით. შესაფუთი მასალის ნედლეულის მოწოდებისათვის, კომპანია თანამშრომლობს ველური ბუნების საერთაშორისო  ფონდთან, სერტიფიცირებული ტყის რესურსებით მოვაჭრე გლობალურ ქსელთან და სატყეო სამეურვეო საბჭოსთან. გარდა ამისა, კომპანია დიდ ძალისხმევას იყენებს, რათა შეიძინოს პოლიეთილენი ბრაზილიელი მომწოდებლებისაგან, რომელიც დამზადებულია შაქრის ლერწმისაგან. Tetra Pak-ის მიერ განხორციელებული პროექტებია: 100%-ით გადამუშავებადი შეფუთვა, მწვანე ოფისი (ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები, ჰაერის გამწმენდების არარსებობა, რომელიც ოზონის შრის განადგურებას იწვევს და ა.შ.), ტყის რესურსების მხარდაჭერა, ნარჩენების გადამუშავება და FSC (Forest Stewardship Coucil) მუყაოს გამოყენება.   FSC არის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მასალების მოწოდება ხდება იმ ტყიდან, სადაც მიმდინარეობს სატყეო მეურნეობის ეკოლოგიური და სოციალური დაბალანსება[3].

ეკოლოგიური ავტომობილების წარმოება ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯია გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით. ეკოლოგიური ავტომობილები, იგივე ,,მწვანე“ ავტომობილები ჩვეულებრივ ავტომობილებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს. უპირატესობა კი არის ის, რომ საწვავისა და ბენზინის გადამუშავება ხდება შიდა წვის ძრავის საშუალებით, რის შედეგადაც ხდება გარემოს გაცილებით ნაკლები დაბინძურება.

გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯია ელექტრო, ჰიბრიდული, წყალზე, მზის ენერგიაზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე  ავტომობილები.  

MC donalds-მა, იმისათვის რომ არ დაეკარგა მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, გადაწყვიტა მიეღო საკმაოდ მაღალხარჯიანი გადაწყვეტილება ეკოლოგიური წარმოების თვალსაზრისით. კერძოდ კი: პლასტმასის ჩხირები და ჭიქები შეცვალეს ხის მასალით, რომელიც გამოსადეგარი იყო გადამუშავებისათვის. ჭიქები და თეფშები კი მაქსიმალურად თხელი იყო, რათა მარტივი ყოფილიყო გამოსაყენებლად. სპეციალური დამჭერები მხოლოდ ერთი ხელსახოცის ამოღების შესაძლებლობას აძლევდა მომხმარებელს ერთ მცდელობაზე, რის შედეგადაც ხდებოდა მისი წარმოებისათვის საჭირო მასალების ეკონომიურად გამოყენება. კომპანიამ ასევე შეძლო  ელექტრორესურსების ჩანაცვლება ქარის ენერგოსადგურებით. მისი პროდუქციის შეფუთვა დამზადებულია მასალისაგან, რომელიც 100%-ით ბიოდეგრადირებადია[4].

Hewlett-Packard - გაცილებით უფრო ნაკლებ ენერგორესურსებს იყენებს წინა წლებთნ შედარებით. Toyota აწარმოებს ჰიბრიდულ ავტომობილებს და ავლენს ზრუნვას გარემოზე. კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია Dell-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს ისეთი კომპიუტერების წარმოება, რომელიც ენერგოეფექტურია და მასალები, რომლისგანაც მისი კომპიუტერებია დამზადებული, 90%-ით გადამუშავებადია[5].

ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული პრობლემები დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ამ მიმართულებით საქართველოშიც გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები. მაგალითდ, კერძო ტაქსები უკვე მასიურად იყენებს Toyota-ს ფირმის ჰიბრიდულ ავტომობილებს. თბილისის მერია 2020 წლისათვის გეგმავს 200 ავტობუსის შეძენას, რომელთაგან 100 იქნება ბუნებრივ აირზე, ხოლო 100 ელექტრო.

2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოში არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონში, სადაც პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა.

 წიგნების მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსი“, სააფთიაქო ქსელი ,,ფარმადეპო“, სააბაზანე აქსესუარებისა და ფილების მწარმოებელი კომპანია ,,ვიტრა” და სხვა წარმატებული ბრენდები უკვე წლებია იყენებენ ეკოპარკებს.

წიგნების მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსი“ უკვე წლებია იყენებს ეკოპარკებს. იგი გამომცემლობა ,,პალიტრა L”-ის მაკულიტერატურის პროექტშია ჩართული, შესაბამისად, მუყაოს პარკის ფურცელი, რომელიც ,,ბიბლუსის“ ქსელში გამოიყენება, სწორედ მათ მიერ შეგროვებული მაკულატურისაგან მზადდება, რადგან გარემოს დაცვა მათ სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

სააფთიაქო ქსელი ,,ფარმადეპო“ დაარსების დღიდანვე მხოლოდ ქაღალდის პარკით ყიდის თავის პროდუქციას და აქტიურად ატარებს ეკოპოლიტიკას. კრაფტის ქაღალდი, რომლისგანაც ,,ფარმადეპოს“ პარკებია დამზადებული, ეკოპროდუქტია, იგი სრულიად ბიოდეგრადირებადია. დღესდღეობით ,,ფარმადეპო“ ასევე იყენებს შპს ,,ააპლასტი“ - ის მიერ დამზადებულ პარკს, რომელიც 100%-ით ბიოდეგრადირებადია.

სააბაზანე აქსესუარებისა და ფილების მწარმოებელი კომპანია ,,ვიტრა” უკვე წლებია იყენებს მუყაოსაგან დამზადებულ ეკოპარკებს, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და მძიმე წონასაც კი უძლებს.

სწრაფი კვების ობიექტებში უკვე მასიურად გამოიყენება თხელი ქაღალდის მასალისაგან დამზადებული შეფუთვა, რაც დადებით განწყობას იწვევს მომხმარებელში.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ კომპანიებისა და ბრენდებისა, რომლებიც აქტიურად არიან ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგის კამპანიაში ჩართულნი და ცდილობენ გარკვეული წილი შეიტანონ გარემოს დაცვაში. ვიმედოვნებთ,  მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად მზარდი იქნება. კომპანიების მაღალი ჩართულობა ეკოლოგიურ მარკეტინგში გამოიწვევს ბუნებრივი რესურსების ეკონომიას, ტყის რესურსის შენარჩუნებას, არაბიოდეგრადირებადი ნარჩენების შემცირებას და სხვა, რაც მნიშვნელოვნად შეამცრებს გარემოზე ზიანის მიყენებას.  

დასკვნა

იმისათვის, რომ უფრო მასიური და ეფექტური გავხადოთ ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგის გამოყენება, მწარმოებლებმა მუდმვად უნდა გაატარონ მარკეტინგული პოლიტიკა, რომელიც ამ მიმართულების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ზემოქმედების ეფექტურ მეთოდებად შეიძლება ჩაითვალოს: სხვადასხვა პუბლიკაციები პრესაში და სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც ნაჩვენები იქნება მწვანე მარკეტინგის აქტივობების სახეები და კამპანიები, საინფორმაციო ბუკლეტების გამოშვება, სპეციალური მარკირება, სხვადასხვა აქციები, კონფერენციები, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს კომპანიების, საზოგადოების, მწარმოებლების დაინტერესებას და წაახალისებს მათ ეკოლოგიურად სუფთა მასალების, ეკოშეფუთვის, ეკო პარკების და სხვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისაკენ. ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგის აქტივობების რეკლამა უნდა ასახავდეს იდეას, რომ სწორედ მწვანე მარკეტინგის საშუალებით ხდება არსებულ გარემოზე, ახლანდელ და მომავალ თაობაზე ზრუნვა.

ეკოლოგიურ (მწვანე) მარკეტინგს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ყველაზე შემოსავლიანი და წარმატებული მიმართულება გრძელვადიან პერსპექტივაში. ბუნებრივი რესურსების შეზღუდულობა, მოხმარების რაოდენობის ზრდა და გარემოს დაბინძურება ემსახურება მწვანე მარკეტინგს დანერგვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.      

გამოყენებული ლიტერატურა 

1. Захарова Т.В., Краковецкая И.В., ,,Экологический Маркетинг“,  Москва 2018.

2. Иванченко О.В. ,,Экологический маркетинг в рамках реализации концепции социально-этического маркетинга“,Тернопиль, 2016;

3. https://digistr.ru/whatis/yekologicheskij-marketing-green-marketing-lohas

4. https://e-koncept.ru/2017/970023.htm

5. https://studfiles.net/preview/6006112/

6. https://moluch.ru/conf/econ/archive/134/7965/



[5] Иванченко О.В. Экологический маркетинг в рамках реализации концепции социально-этического маркетинга.Тернопиль 2016.